(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ რადიო ძიძა

ახალდაბადებული ბავშვი მშობლის მუდმივ ზრუნვას საჭიროებს. დედა კი მუდამ მზად არის ბავშვს მთელი თავისი დრო დაუთმოს. მაგრამ არსებობს მომენტები, როცა ბავშვი ოთახში მარტო რჩება, სახლის საქმეები ხომ არ იცდის და ისიც გასაკეთებელია. იმისათვის, რომ ასეთ მომენტებში დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი პატარა უსაფრთხოდაა, უნდა შევიძინოთ საკონტროლო მოწყობილობა - რადიო ძიძა. ჩნდება კითხვა: როგორ შევარჩიოთ ის, რათა შემდგომ არ ვინანოთ ტყუილად გაწეულ ხარჯებზე.

რაში გვეხმარება

  • რადიო ძიძა საშუალებას გვაძლევს, მომენტალური რეაგირება მოვახდინოთ ბავშვის გაღვიძებაზე ან მის ტირილზე. განსაკუთრებით საჭიროა, თუ ბინის ფართობი დიდია და ოთახებს აქვთ კარგი ხმის იზოლაცია.
  • შეუცვლელია აგარაკზე. მშვიდად შეგვიძლია დავკავდეთ ეზოს საქმეებით, სანამ ბავშვს ძინავს.
  • გამოგვადგება, თუ ბავშვს ძინავს სუფთა ჰაერზე ეზოში ან აივანზე. გარემოს ტემპერატურის კონტროლის ფუნქცია საშუალებას მოგვცემს, დროზე შევამჩნიოთ, რომ ბავშვს სცივა ან მზემ დააცხუნა.
  • ის გვატყობინებს, რომ ოთახში ბავშვთან შევიდნენ შინაური ცხოველები, ან უფროსი ბავშვები, რომლებსაც მოცემულ მომენტში იქ ყოფნა აკრძალული ჰქონდათ.
  • განსაკუთრებით საჭიროა ბავშვის ავად ყოფნის დროს, როცა მას სუნთქვის პრობლემები აქვს - ზოგი მოდელი აკონტროლებს ბავშვის სუნთქვასაც.
  • მას სანათიც აქვს, რაც მოზრდილ ბავშვს ეხამრება თავის ოთახში მშვიდად დაიძინოს.


რა ფუნქციები აქვს?

რადიო ძიძა სპეციალური დამაკავშირებელი მოწყობილობაა, რომელიც რაციას მოგვაგონებს. ის ორი ბლოკისგან შედგება - ბავშვის და მშობლის, რომლებიც ერთმანეთთან რადიო ტალღების მეშვეობით კონტაქტობენ. ბლოკების მაქსიმალური დაშორება ღია სივრცეში 300-400 მეტრია, დახურულში კი, 50-100 მეტრი. ბავშვის ოთახში დამონტაჟებული ბლოკი იჭერს პატარას ხმებს და გადასცემს მშობლის ბლოკს. არსებობს მოდელები, რომლის ქამარზე ან საათივით ტარებაც შესაძლებელია.

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი რადიო ძიძები. ცალმხრივი კავშირის დროს უფროსს უბრალოდ ესმის, რა ხდება ბავშვთან, მაგრამ არ შეუძლია მასთან საუბარი. ორმაგი კავშირის დროს კი დედას შეუძლია ესაუბროს შვილს და დაამშვიდოს.

სანამ ამა თუ იმ  მოდელს ავირჩევთ უნდა გავერკვეთ, რა დანიშნულებით ვყიდულობთ რადიო ძიძას. თუ ის მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ პატარას დროულად დავეხმაროთ, მაშინ უბრალო მოდელიც გამოგვადგება, ცალმხრივი კავშირით, რომელიც რამდენიმე თვეში აღარ გამოგვადგება. ორმხრივი კავშირის ძიძა კი რამდენიმე წელი გვემსახურება, რადგან მოზრდილ ბავშვთან კომუნიკაციაში დაგვეხმარება.

რადიო ძიძა შეიძლება იყოს ანალოგიური და ციფრული. ანალოგიური მოდელის ძირითადი პლიუსი სიიაფეა. მინუსი - ნაკლები არხი აქვს, ხელით იმართება, სხვა რადიო ტალღები ხელს უშლის და კავშირის ხარისხი ცუდი აქვს. შეიძლება დამახინჯდეს ხმა, რაც ორმაგი კავშირის მოწყობილობაში არ ხდება. ციფრული მოდელის პლიუსია - კარგი მიღება, სუფთა ხმა, ხმის დაბინძურების არარსებობა, არხების ავტომატური გადართვა. მინუსი - ძვირადღირებულია. თუ აუცილებლად გჭირდებათ მრავალფუნქციური მოდელი ორმაგი კავშირით, უპირატესობა მიანიჭეთ ციფრულ რადიო ძიძას. მარტივი მოდელი კი მაშინ გამოგადგებათ, თუ სახლის ფართობი მცირეა და მოწყობილობა მხოლოდ ბავშვის ხმის გასაგონად გჭირდებათ.

მოდელების უმრავლესობას აქვს ინდიკატორებიც. რაც უფრო მაღალი ხმა მოდის ბავშვის ადგილსამყოფელიდან, მით მეტი სინათლის ინდიკატორი ირთვება მშობლის ბლოკში.

ბევრ მოდელს აქვს დამატებითი ფუნქციებიც: ეს შეიძლება იყოს მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს ჰაერის სინოტივესა და ტემპერატურას, აქვს სანათი, მუსიკალური ბლოკი, მუსიკა, ბავშვის დასამშვიდებლად და სუნთქვის კონტროლის სენსორი.

როგორ ავარჩიოთ.

  1. მოქმედების რადიუსი. აირჩეთ მოდელი მაქსიმალური რადიუსით. ეს მონაცემი ტექნიკურ მახასიათებლებშია მითითებული.
  2. ყურადღება გაამახვილეთ ციფრულ მოდელებზე, რადგან აქ არხები ავტომატურ რეჟიმში იმართება.
  3. ჯობს აირჩიოთ ორმხრივი ძიძა, რადგან მას მერეც გამოიყენებთ, როცა ბავშვი წამოიზრდება.
  4. გარეგნული მხარე ბავშვისთვის უინტერესო უნდა იყოს, რომ სათამაშოდ არ ჩათვალოს.
  5. წარმოებული უნდა იყოს არატოქსიკური და მყარი მასალისგან, რადგან თქვენი პატარა, მას მაინც დაიჭერს ხელში და დააგდებს.
  6. ხმის მიღება უნდა ჰქონდეს კარგი შორ მანძილზეც კი. შეამოწმეთ რადიოძიძა მაღაზიაშივე.
  7. როგორც წესი, ბლოკი მუშაობს ელემენტებზე ან აკუმულატორზე. საუკეთესო მოდელებს რამდენიმე ალტერნატიული კვების ბლოკი აქვს.