(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ყურსასმენი?

იმის ახსნა, თუ რა არის ყურსასმენი, რა საჭიროა და რისთვის გამოიყენება,
ცოტა სასაცილოა. ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით, ყურსასმენი არის ის, რაც შენს ყურს ესმის და სხვისას - არა. მე თუ მკითხავთ, ყურსასმენს უფრო „არტული“ დეფინიცია მიესადაგება, ვიდრე ტექნოლოგიური. გინახავთ ის ფოტოები სოციალურ ქსელში, ყურსასმენების გაკეთების შემდეგ ადამიანის თავიდან ცისარტყელა რომ გამოდის? რაღაც ამის მსგავსია ყურსასმენი. თუ ბავშვობაში გვეგონა, რომ დედის ცრემლებზე ია ამოდიოდა, ახლა შეგვიძლია, დავიჯეროთ, რომ კარგი ყურსასმენების ტარების დროს, ჩვენს ტვინებში ღრუბლები იფანტება, მზე ანათებს და ცისარტყელაც ლივლივებს. თუმცა ეს მაშინ, როცა საქმე ჩვენი საყვარელი მუსიკის მოსმენას ეხება. 

ყურსასმენებს კი გართობისა და თავის შექცევის გარდა უთვალავი დანიშნულება აქვს. მაგალითად, Deals.ge-ს რომელიმე ოპერატორს რომ ჰკითხოთ, რა ფუნქცია აქვს ყურსასმენსო, პირველ რიგში იმას გიპასუხებთ, კლიენტებს რომ კარგად მოვემსახუროთ და ჩვენი დიალოგი სხვამ არ გაიგოსო. ჩემთვის კი ყურსასმენი „ფანჯარაა პარალელურ სამყაროში“. ერთი სიტყვით, ვიწყებთ.

არსებობს რამდენიმე ტიპის ყურსასმენი. ინგლისური სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ესენია: earbuds და headphones. ქართულად კი ორივეს ყურსასმენს ვეძახით. თუმცა შეგვიძლია, აღწერა გავშალოთ - პატარა და დიდი ყურსასმენი, ან კიდევ უფრო გავშალოთ - ყურის ნიჟარისა და თავზე (ან კეფაზე) დასამაგრებელი ყურსასმენი. კიდევ უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ, ყურსასმენები თავისი კონსტრუქციითა და მიმაგრების ტიპით ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგი ყურის ნიჟარაში თავსდება, ზოგი ყურზე, ზოგი თავზე, ზოგიც კეფაზე. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.

რა მინუსი და პლიუსი აქვს თითოეულს?

ყურის ნიჟარის ყურსასმენი შემავალ (ქუჩის, გარემოს ხმაური) და გამომავალ (რასაც ჩვენ ვუსმენთ) ხმას აბსოლიტურად ახშობს. ის კომპაქტურია სატარებლად, თუმცა ყურის ნიჟარაში ჰაერს არ უშვებს და ექიმებისგან რეკომენდირებული არ არის. მეორე ტიპის ყურსასმენი, რომელიც ყურზე მაგრდება, ამ პრობლემას აგვარიდებს, თუმცა მოძრაობის დროს დიდი სიმყარით არ გამოირჩევა. თუმცა მათ ერთი საერთო დადებითი თვისება აქვს - ორივე მოდელი ჩანთაში მცირე ადგილს იკავებს.

კეფაზე დასამაგრებელი ყურსასმენი ძალიან კარგია მოძრავი ადამიანისთვის. ის სპორტულია და ჩვენი ფიზიკური მოუსვენრობა მასზე გავლენას არ ახდენს. ერთი სიტყვით, იდიალურია ვარჯიშის დროს, თუ დილით/საღამოს სირბილი გიყვართ. მას კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს. თავის ყურსასმენისგან განსხვავებით, ის არ გააფუჭებს თქვენს ვარცხნილობას.

რაც შეეხება თავზე დასამაგრებელ ყურსასმენს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის მოდურად ითვლება და ახალგზარდებში განსაკუთრებით პოპულარულია. კეფის ყურსასმენის მსგავსად, ისიც შესანიშნავია სპორტული ადამიანებისთვის (განსაკუთრებით უსადენო), თუმცა ყველაზე უფრო მოსახერხებელი მუშაობის დროსაა.

კეფისა და თავის ყურსასმენს ერთი მინუსი აქვს. ზოგიერთი შემომავალ ხმას ბოლომდე არ ახშობს. ისეც ხდება, რომ ჩვენი მუსიკის ხმა (როცა ბოლომდე გვაქვს აწეული), გარეთ აღწევს. ჩვენ კი რად გვინდა, სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობის დროს, გვერდით მჯდარი, ხანდაზმული ქალბატონი ჯიმი ჰენდრიქსის მჟღერადმა მუსიკამ შეაწუხოს. არც მე მსიამოვნებს, როცა ვინმეს ყურსასმენიდან ადელის ხმა ისმის. თანაც ჩვენ ხომ შევთანხმდით, ყურსასმენი არის ის, რაც ჩვენს ყურს უნდა ესმოდეს და სხვისას არა. ამ პრობლემას თავისებური ახსნა აქვს. მაგალითად: თავზე დასამაგრებელი ყურსასმენი ორი ტიპისაა - ღია და დახურული. ღია ყურსასმენიდან ხმა უფრო აღწევს, ვიდრე დახურულიდან, თუმცა ეს საკითხიც ცოტა სადავოა.

თამაშებისა და ონლაინ საუბრებისთვის კი შეუცვლელია მიკროფონიანი ყურსასმენი და ამაზე არც არავინ დაობს.

გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. XXI საუკუნის ადამიანმა კარგად იცის, რა დისკომფორტია სადენები. ამის თავიდან ასარიდებლად ტექნოლოგიებმა უსადენო ყურსასმენი შემოგვთავაზა, რომელიც MP3 player-ებსა და სხვა პორტატულ მოწყობილობებს ბლუთუზით უკავშირდება.

თუმცა სადენსაც თავისი პლიუსი აქვს, კერძოდ: ზოგიერთი ბრენდის (მაგალითად SENNHEISER) ყურსასმენს სადენზე ინტეგრირებული გადამრთველები აქვს. ის არეგულირებს მუსიკის ხმას, შემომავალ და გამავალ ზარს. ასე რომ, თითოეულს თავისი პლიუსი აქვს. არჩევანი თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

დასასრულისთვის მოკლედ ჩამოგიწერთ იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რასაც ყურსასმენის შეძენის დროს ყურადღებას ვაქცევთ:

  1. კავშირი: სადენიანი (ინტერფეისი 3.5 მმ ჯეკი), უსადენო (Bluetooth)
  2. Stereo vs Mono – Mono ხმის დროს თქვენ ისმენთ იდენტურ ხმას ორივე ყურზე. Stereo ხმა ორი არხისგან (მარცხენა/მარჯვენა) შედგება და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ხმა არათანაბრად გადანაწილდეს.
  3. სიმძლავრე და სიხშირის დიაპაზონი.
  4. მგრძნობელობა - კარგი ხარისხის ყურსასმენს შესაძლოა ჰქონდეს 100 dB/mW ან უფრო მეტიც.
  5. იმპედანსი არის ელექტრო წინაღობის საზომი და მასზე დამოკიდებულია ყურსასმენების მგრძნობელობა. სამომხმარებლო დონეზე ნომინალური წინაღობა 16 ომს უდრის, თუმცა ხშირად ბევრად მაღალიც გვხვდება

გილოცავთ, ჩვენ მოვრჩით. ახლა შეგიძლიათ, საახალწლოდ თოვლის ბაბუას კარგი ყურსასმენი შეუკვეთოთ. ბარათში კი ყურსასმენის ფორმისა და ტექნიკური მახასიათებლების მითითება არ დაგავიწყდეთ. 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ყურსასმენები Deals.ge-ზე!