(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ღუმელი?

კომპაქტური საყოფაცხოვრებო ტექნიკა მუდამ გამოირჩეოდა პოპულარობით. ასე რომ, თუ ღუმელის შეძენას გადაწყვეტთ და არჩევანს ელექტროღუმელზე შეაჩერებთ, ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ნამდვილად ისიამოვნებთ თქვენი შენაძენით. ჩვენ ამ სტატიით შევეცდებით, გაგარკვიოთ ელექტრო ღუმელის ფუნქციებსა თუ მახასიათებლებში, რაც, ვიმედოვნებთ, გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ერთი შეხედვით, ელექტრო ღუმელი საკმაოდ ჰგავს მიკროტალღურ ღუმელს, თუმცა მათ შორის განსხვავება დიდია. მიკროტალღური ღუმელი მუშაობს მიკროტალღების საშუალებით, ხოლო ელექტრო ღუმელი - ინფრაწითელი სხივებით. გარდა ამისა, განსახვავდება მათი დანიშნულება. ელექტრო ღუმელი ფუნქციონალურად ბევრად უფრო დატვირთულია. მას შეუძლია საკვების როგორც გალღობა, გათბობა, ასევე - შეწვა თუ გამოცხობა.
 
მოცულობა

პირველი, რაც ღუმელის შეძენის დროს უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის მისი მოცულობა. ყველაზე პატარა ელექტრო ღუმელსაც შეუძლია შეწვას, გააცხელოს, გაალღოს თუ მოამზადოს ცხელი, უგემრიელესი კერძი. მისი მოცულობა ფუნქციებთან უშუალო კავშირში არ არის, თუმცა არსებობს მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ ამა თუ იმ მოცულობის ღუმელის შესაძენად. ესაა, თუ რამდენი ადამიანია ერთ ელექტრო ღუმელზე “დამოკიდებული”.

10 ლიტრი მოცულობის ღუმელი დაახლოებით 2 ადამიანისთვის საჭირო საკვების მოსამზადებლადაა განკუთვნილი, 12-22 ლიტრი მოცულობის ღუმელით 3-4 ადამიანი ისარგებლებს თავისუფლად, ხოლო 30 ლ-ზე მეტი - 5-6 ადამიანზეა გათვლილი. ანუ, რამდენი ადამიანისგანაც შედგება თქვენი ოჯახი, შესაბამისად განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი ელექტრო ღუმელის მოცულობა. გახსოვდეთ, მოცულობაში გადასახდელი ფულის ხარჯზე შეგიძლიათ ფუნქციონალურად გაუმჯობესებული ელექტრო ღუმელის შეძენა.

სიმძლავე

ელექტრო ღუმელის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ზომებზე, მოცულობასთან და ფუნქციურ შესაძლებლობებთან. განსხვავებულ მოდელებში ეს პარამეტრი საშუალოდ 650-2200 ვატს შორის მერყეობს. თუ ელექტრო ღუმელის მოცულობა 10 ლიტრია, მისი სიმძლავრე 700-800 ვატია, 20 ლიტრის შემთხვევაში - 1700-1900 ვატი, 30 ლიტრის შემთხვევაში კი - 2000 ვატი.

მეტი სიმძლავრის მქონე ელექტრო ღუმელი უფრო მალე ცხელდება და უფრო სწრაფად ამზადებს საკვებს, თუმცა უფრო ძვირი ღირს და მეტ ელექტროენერგიასაც მოიხმარს.

მუშაობის რეჟიმები

ელექტრო ღუმელს აქვს ერთი ან ორი გამაცხელებელი ელემენტი. მეორე ვარიანტს აქვს მეტი ფუნქციონალური შესაძლებლობები, მეტი გამოცხობის თუ გაცხელების ფუნქციები.

ზედა და ქვედა წვა - მუშაობს ორივე გამაცხელებელი ელემენტი. იდეალურია შეწვისთვის.

გრილი (ზედა წვა) - მისი გამოყენება რეკომენდირებულია პიცის, ნამცხვრის და სხვა მსგავსი საჭმლის მოსამზადებლად.

დელიკატური რეჟიმი (ქვედა წვა) - მუშაობს მხოლოდ ქვედა ელემენტი. 
 
ელექტრო ღუმელებს ასევე აქვთ კონკრეტული საჭმლის მომზადების რეჟიმები, მაგალითად, "ტოსტი", "პიცა", "გაცხელება", "სწრაფი გაცხელება", "გამოცხობა" და ა.შ. ბუნებრივია, რაც უფრო მეტი მსგავსი კონკრეტული რეჟიმი აქვს, მით უფრო ფართოა ელექტრო ღუმელის შესაძლებლობები და მით უფრო მარტივია ამა თუ იმ კერძის მომზადება. აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც მეტია რეჟიმი, მით მეტია  მისი ღირებულება.

კონვექცია

თუ თქვენ მიერ შერჩეულ ელექტრო ღუმელს აქვს კონვექციის ფუნქცია, ძალიან კარგი. მაგრამ თუ თქვენ ახლა არჩევთ და ფიქრობთ, რომელი მოდელი უნდა შეიძინოთ და გაინტერესებთ, კონვექცია რამდენად მნიშვნელოვანია, მოკლედ განვმარტავთ.

კონვექციის ფუნქცია - ეს ნიშნავს, რომ ელექტრო ღუმელს აქვს ინტეგრირებული ვენტილატორი, რომლის საშუალებითაც თანაბრად ვრცელდება ჰაერი ღუმელში. მისი საშუალებით საჭმლის მომზადების დროს 20 პროცენტით დაზოგავთ. კონვექციის ფუნქცია აქვს ერთი გამაცხელებელი ელემენტის მქონე ღუმელებს, თუმცა თუ ორი გამაცხელებელი ელემენტი აქვს, მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მოდელის შემთხვევაში, კონვექცია ორი განსხვავებული საჭმლის ერთდროულად მომზადების საშუალებას გაძლევთ.

მართვის ტიპი

არსებობს მექანიკური და ელექტრონული მართვის ტიპები.

მექანიკური - რეგულირება ხდება მბრუნავი გადამრთველების საშუალებით. მექანიკური მართვის მქონე ელექტრო ღუმელის გამოყენება ძალიან მარტივია და ამავდროულად, გაცილებით ნაკლები ღირს.

ელქტრონული (სენსორული) - ამ შემთხვევაში იგივე გადამრთველები ჩამონტაჟებულია კორპუსში. იგი გაძლევთ ტემპერატურის და დროის ზუსტად დაყენების შესაძლებლობას, გარდა ამისა, მითითებული პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, უშუალოდ საჭმლის მომზადების პროცესშიც. გასაწმენდად არის უფრო ადვილი. თუმცა, სამწუხაროდ, ელექტრონული მართვის ღუმელის დაზიანების დროს მისი შეკეთება არც თუ ისე ადვილია.

ფუნქციები

გალღობა - ეს ფუნქცია ელექტრო ღუმელს საკმაოდ "მიმზიდველს" ხდის, ვინაიდან, გალღობის ფუნქციის მქონე ელექტრო ღუმელი მიკროტალღურის თვისებასაც ითავსებს. ზოგავს ჩვენს დროს მაშინ, როცა გაყინული პროდუქციის მოკლე დროში მომზადება გვსურს.

გაცხელება - ამ ფუნქციის საშუალებით ჩვენ სწრაფად გავაცხელებთ უკვე მომზადებულ საკვებს მინიმალური ელექტოენერგიის ხარჯზე.

ავტომატური გამორთვა - იგი აქტიურდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტრო ღუმელში ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, ან დიდი ხნის მანძილზე არ გამოვრთავთ ღუმელს.

მახასიათებლები

თერმოსატატი - იგი საშუალებას გაძლევთ, ამა თუ იმ კერძის მომზადებისთვის თქვენთვის სასურველი ტემპერატურა ზუსტად დააყენოთ.

ტურბო რეჟიმი - უზრუნველყოფს კერძის უფრო სწრაფად მომზადებას.

გრილი - მისი საშუალებით საკვებს ექნება განსაკუთრებული ფერი და გემო, იდეალურად ამზადებს სტეიკს, ბიფშტექს და სხვა მსგავსი ტიპის კერძებს.

შამფური - ე.წ. მბრუნავი ღერძის დახმარებით მთლიან თევზს, ფრინველს ან შედარებით დიდი ზომის ხორცს მოვამზადებთ. ბრუნვის საშუალებით კი საკვები ყველა მხრიდან იდეალურად იქნება დაბრაწული.

ტაიმერი - არსებობს სხვადასხვა ტიპის. შეიძლება, მან გაკრვეული დროის შემდეგ თავისით გამორთოს ელექტრო ღუმელი, ან ხმოვანი სიგნალის საშუალებით შეგატყობინოთ, რომ საკვები უკვე მზადაა.

შიდა განათება - საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ საჭმელი რამდენადაა მზად კარის გაღების გარეშეც.

მოხსნადი ლანგარი - მოსახერხებელია როგორც საჭმლის გამოღების დროს, ასევე ღუმელის გაწმენდის დროსაც.

გარდა ამისა, გარკვეულ მოდელებს აქვთ ბავშვებისგან დაცვის ფუნქცია და მოჰყვება სხვადასხვა ტიპის ლანგარი თუ გამოსაცხობი ფორმები.

ვინაიდან,

საკვები ჩვენი ყოველდღიური რუტინის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ვალდებულიც ვართ ეს აუცილებლობა როგორმე შევიმსუბუქოთ. ასე რომ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ელექტრო ღუმელი ჩვენს საიტზე და გაიხალისეთ მომზადების პროცესი.