(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ფოტოაპარატი?

ფოტოაპარატის შექმნის დღიდან აქტუალურია კითხვა: რომელი აპარატი იღებს უკეთეს ფოტოებს და რომელი აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს?

ამ სტატიაში წაიკითხავთ ზოგად მიმოხილვას, რაც თქვენ არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

კომპაქტური კამერები

თუ თქვენ არც ისე კარგად ერკვევით ფოტოკამერებსა და ფოტოს გადაღების პრინციპებში, ხოლო აპარატი გჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ დაბადების დღეების, კორპორატიული საღამოების, მეგობრების და ოჯახის წევრების გადასაღებად ავტომატურ რეჟიმზე, ამ შემთხვევაში თქვენთვის კომპაქტური ე.წ. "სასაპნე" ფოტოაპარატი სავსებით საკმარისია.

მათ,  როგორც წესი, არ აქვთ გადაღების დროს პარამეტრების ცვლილების შესაძლებლობა, თუმცა აქვთ კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ადაპტირებულია ამა თუ იმ სიტუაციისთვის. მაგალითად: პეიზაჟი, პორტრეტი, სპორტი, ბავშვები, ყვავილები, ღამის გადაღება და ა.შ.  ბოლო დროს მსგავს აპარატებში სტანდარტული ფოკუსირების სისტემა მთლიანი ავტოფოკუსირების სისტემით შეიცვალა, ხოლო კორპუსზე განლაგებული ღილაკების ნაცვლად ახლა უკვე სენსორული ეკრანი გვხვდება. ასევე, აქვთ HD ხარისხის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა, გაფართოებით - 16:9. კამერებს, ამავე დროს, შეუძლია ფოტოს რედაქტირება და სხვადასხვა ეფექტების გამოყენება, მათ შორის - წითელი თვალის ჩახშობის ეფექტი, შავ-თეთრი ფოტოს გადაღების რეჟიმი და სხვა.

მათი ყველაზე დიდი პლუსი - ისინი არიან მცირე ზომის და მათი ტარება შეგიძლიათ ყოველთვის, ყველგან. ამავდროულად, მათ შესაძენად გადახდილი თანხა თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად არ დააზარალებს.

მაშ ასე, თუ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე სწორედ კომპაქტური ფოტოაპარატი აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და საქმე ბრენდის არჩევაზე მიდგა, მინდა, გაგახაროთ, - ამ კლასის ფოტოაპარატებში უფრო პროგრამული და ვიზუალური განსხვავებებია, ვიდრე ტექნიკური. ასე რომ, მიენდეთ გემოვნებას. რომელი აპარატიც უკვე კომფორტული და მოსახერხებელი იქნება თქვენთვის, თამამად შეგიძლიათ, არჩევანი სწორედ იმ მოდელზე გააკეთოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალია მოდელი, მით უფრო გაუმჯობესებულია მისი ტექნიკური შესაძლებლობები.

სარკული კამერები

ხშირად ინტერნეტ თუ რეალურ სამყაროში გაიგონებთ ფრაზას - სარკული კამერა, ეს ნიშნავს საუკეთესო გამოსახულებას. თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. როცა სარკული აპარატი გაქვს და იხდი საკმაოდ დიდ თანხას, შენი მიზანი არ უნდა იყოს "ძვირიანი სათამაშოს" ქონა. შენი ქმედება უნდა გულისხმობდეს, რომ გადაღების რაიმე გამოცდილება გაქვს ან გსურს ამ გამოცდილების მიღება. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ძვირიანი სარკული ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები იმაზე ცუდი გამოვიდეს, ვიდრე ჩვეულებრივი ციფრული ფოტოაპარატით.

და მაინც, თუ არ გაკმაყოფილებთ კომპაქტური კამერის შესაძლებლობები და არც ბევრი ფულის გადახდა გადარდებთ, ძალიანაც კარგი, შეგიძლიათ, ამ სტატიის კითხვა განაგრძოთ და მიღებული ინფორმაციიდან ცოტ-ცოტა რამეებიც გამოიყენოთ კამერის შერჩევისას.

დასაწყისისთვის, ის, რაც ყველამ ვიცით - სარკულ ფოტოაპარატებს ეს სახელი ზუსტად კორპუსში ჩამონტაჟებული სარკის გამო ჰქვიათ. მათ აქვთ სიჩქარის დაყოვნების, დიაფრაგმისა და ხელით მართვის რეჟიმები, რაც საუკეთესო ტექნიკური შესაძლებლობაა ზუსტად  ისეთი ფოტო მივიღოთ, როგორიც ჩავიფიქრეთ.

პირველი, რის გამოც სარკული ფოტოაპარატები გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით, ეს არის მატრიცა. რაც უფრო დიდია მარტიცა, მით უფრო ფართო დინამიურ სპექტრს გვაძლევს, უზრუნველყოფს მაღალ შუქმგრძნობელობას, ანუ მაღალ ISO-ზე ხმაურის გარეშე ფოტოების გადაღებას. დღევანდელი კამერების ISO-ს მაჩვენებელი უკვე 100 000-ს აღწევს. ეს საშუალებას იძლევა, შევარჩიოთ სასურველი სიღრმე სიმკვეთრისა და გადაღების სიჩქარე დაბალი განათების პირობებშიც კი ISO-ს აწევის ხარჯზე. გარდა ამისა, მაღალი ხარისხის კამერების ფოკუსირება გაცილებით უფრო სწრაფია, რაც სერიული გადაღებისთვის იდეალურია.

მეორე, ეს არის ობიექტივის მოხსნის შესაძლებლობა. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ აპატარზე თანდართული ობიექტივი არავის მოსწონს, რადგან ისინი არც ისე მაღალი ხარისხისაა. კარგი ხარისხის ობიექტივის გარეშე კარგი ხარისხის ფოტოს მიღება კი ჭირს. თუმცა, თუ არჩევანს შეაჩერებთ შედარებით დაბალი ხარისხის და შესაბამისად, დაბალი ფასის ფოტოაპარატზე, შეგიძლიათ, მაღალი ხარისხის ობიექტივი მოარგოთ აპარატს და შედეგით მაინც კმაყოფილები დარჩებით. ამისთვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო, გადაიხადოთ იმაზე ბევრად მეტი ფული ობიექტივში, ვიდრე თვითონ ფოტოაპარატის კორპუსში.

სარკული ფოტოაპარატები იყოფა სამ კლასად: სამოყვარულო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური კამერები.

ისინი ერთმანეთისგან ძირითადად განსხვავდება მატრიცის ზომით, მეგაპიქსელების რაოდენობით, ჩამკეტის რესურსით, აკუმულატორის რესურსით, სერიული გადაღების სიჩქარით,  ISO-ს ციფრით, კორპუსის მექანიკური სპეციფიკაციებით, ზომით და, რა თქმა უნდა, ფასით.

ყურადსაღები დეტალები

მატრიცის ზომა - როგორც უკვე ვთქვით, ფოტოაპარატის შერჩევის დროს გაითვალისწინეთ მისი ზომა. რაც უფრო დიდი ზომის იქნება თქვენს მიერ შერჩეული ფოტოაპარატის მატრიცა, მით უფრო ნაკლები ხმაური აღიბეჭდება გადაღებულ ფოტოებზე.

მეგაპიქსელების რაოდენობა - 20x30  ზომის ფოტოს დაბეჭდვის საშუალებას ნებისმიერი ფოტოაპარატი გვაძლევს. თუმცა, როცა ამბობენ, რაც უფრო ბევრი მეგაპიქსელი აქვს კამერას, მით უკეთესიო, ბოლომდე მართალიც არ არის. სინამდვილეში, თუ მცირე ზომის მატრიცაზე ბევრი მეგაპიქსელია განლაგებული, დიდი ზომის ფოტოს დაბეჭდვის შემთხვევაში მაინც შესამჩნევად ხმაურიან გამოსახულებას მივიღებთ.

ISO - რაც უფრო მაღალია მისი რიცხვი, მით მეტი შანსი გვაქვს სიბნელეში ფოტოს გადაღების. მართალია, მაღალ ISO-ზე დაყენების დროს ცუდი განათების პირობებშიც კი ფოტო საკმაოდ ნათელი გამოდის და იმატებს ხმაურის დონე. თუმცა, თუ კამერის ISO-ს რიცხვი არის 100-64 000 და ISO-ს გადაღების დროს 800-ზე დავაყენებთ, ფოტო უფრო ხმაურიანი გამოვა, ვიდრე, როცა კამერას აქვს ISO 100-100000, იგივე ISO 800-ზე გადაღების შემთხვევაში.

ობიექტივის დიაფრაგმა - ეს არის ობიქტივში ე.წ. "ფრთებისგან" შემდგარი მექანიზმი, რომელიც იხსნება და იხურება გარკვეულ დონემდე, რათა გაატაროს ობიექტივში სინათლე. რაც მეტი ფრთა აქვს ობიექტივს, მით უფრო სუფთად ატარებს სინათლეს და შესაბამისად, ხარისხიან გამოსახულებას ვიღებთ. თუმცა, ამის გარდა უნდა გავითვალისწინოთ დიაფრაგმის ფარდებითი ზომა, ანუ ობიექტივის წინა ლინზის დიამეტრისა და მისი უკანა ფოკუსური მანძილის შეფარდება. გავითვალისწინოთ, რაც ნაკლებია ფარდობითი ზომა, მით მეტი სინათლის გატარება შეუძლია დიაფრაგმას, რადგან უფრო დიდზე იხსნება. შესაბამისად, კამერაში ხვდება მეტი შუქი და დაბალი განათების პირობებში ნათელი გამოსახულების მიღების საშუალება გვეძლევა. იგი აღინიშნება f რიცხვით, მაგალითად, f./2.8- f/5.6.

ფოკუსური მანძილი - რაც უფრო დაბალია მისი რიცხვი (მაგ. 18 მმ), მით უფრო ფართოა ხედვის კუთხე და პირიქით, რაც უფრო მაღალია (200 მმ), მით ნაკლები სივრცე ხვდება ჩვენი კამერის თვალთახედვის არეში.

Crop Factor/Full Frame- ეს არის 35 მმ-იანიფოტოფირისა (36x24მმ) დაციფრულისენსორისთანაფარდობა. ის გავლენას ახდენს გადაღების სცენის არეალზე, ანუ, რაც უფრო მცირეა Crop Factor-ის რიცხვი, მით უფრო ახლოსაა იგი 35 მმ-იანიფოტოფირთან და მით უკეთესია სენსორი. თუ ჩვენ შევარჩევთ Full Frame კამერას, მაშინ მოგვიწევს გადავიხადოთ მეტი, სამაგიეროდ, გვექნება გამოსახულება ყოველგვარი ჩამოჭრის გარეშე.

გამოსახულების სტაბილიზაცია - იგი ამცირებს გადაღების დროს შესაძლო არსებულ რხევებს. ასე რომ, მისი დახმარებით ჩვენი ფოტო იქნება უფრო მკვეთრი. იგი არსებობს სამი ტიპის: ოპტიკური, მექანიკური და ელექტრონული.

ბრუნვადი ეკრანი - დამეთანხმებით, საკმაოდ მოსახერხებელია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა შეუძლებელია ვიზირში გავიხედოთ ფოტოს გადაღების დროს. ასე რომ, არ გვაწყენს და არც გვეწყინება, თუ ჩვენს ფოტოაპარატს ეკრანის მობრუნების ფუნქციაც ექნება.

კვება -  არსებობს შემდეგი სახის: Li-Ion (Li-Po) აკუმულატორები, რომლებიც გამოიყენება კონკრეტულად კამერის ამა თუ იმ მოდელისთვის (შესაძლოა, მსგავს მოდელზეც წავიდეს). ცუდი ისაა, რომ ეს აკუმულატორები რამოდენიმე წელში ხარჯავს თავის რესურსს, ანუ დატენვის შემდეგ მალე იცლება ხოლმე, მათი შოვნა კი არც ისე ადვილია. სამაგიეროდ, სანამ ვარგისია, იტენება მალე, არის მსუბუქი, მცირე ზომის და მოსახერხებელი. მეორე, ეს არის სტანდარტული АА ტიპის ელემენტები. მათი რესურსი არის დაახ. 50 კადრი. ისინი, როგორც წესი, მოყვება კამერას. ასეთი ტიპის ელემენტების ყიდვა ნებისმიერ ჯიხურში შეიძლება.

შეჯამებისთვის

მაშ ასე, შეგიძლიათ, ამოისუნთქოთ, ჩვენი სტატია დასასრულს მიუახლოვდა. მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი მათთვის, ვისაც ძალიან უნდა ფოტოების გადაღება L კლასის ობიექტივიანი Full Frame კამერით, თუმცა საკმარისი თანხა არ აქვს ამ ეტაპზე მის შესაძენად. არ იდარდოთ, ფოტოები ხომ ჩვენი
ცხოვრების წუთებია, ჩვენ ვართ აღბეჭდილები თუ ჩვენს მიერაა გადაღებული, ამას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს. ფოტოები მახსოვრობაა, რომელიც არ გაძლევს დავიწყების საშუალებას და რომლის თვალიერების დროსაც ჩვენი არსებობა დასტურდება ამ სამყაროში. დადასტურდება მას შემდეგაც, როცა აქ უკვე აღარ ვიქნებით. ასე რომ, სულერთია, რომელი კამერა შეასრულებს ამ ფუქნციას, მთავარი მაინც ისაა, რის შემონახვას მოვისურვებთ.

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის ფოტოაპარატები ჩვენთან, Deals.ge-ზე!