(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ფენი?

თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, მუდმივად მოქმედებაში იყო, ეცნობოდე სიახლეებს და მაშინვე იღებდე მათ. ამავდროულად, თუ გინდა, საზოგადოებაში რეალიზდე, უნდა გამოიყურებოდე საქმიანად, სანდოდ, ენერგიულად და სასიამოვნოდ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი ქალის სილამაზეში კი თმაზე გადის. ყველას უნდა მბზინავი, ხარისხიანი თმა ჰქონდეს და ამავდროულად, არ უწევდეს ყოველდღიურად სალონში სიარული. თუ გვსურს, თმის დასწორება, მისი დახვევა სხვადასხვა დიამეტრის კულულებად, მოცულობის გაზრდა ან უბრალოდ თმისთვის ბუნებრივი იერის მიცემა, ამის გაკეთება თავისუფლადაა შესაძლებელი სახლის პირობებშიც. ამით დავზოგავთ დროს, ენერგიასა და გარკვეულ თანხასაც. თუმცა ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ შევარჩიოთ ფენი ჩვენი თმის ტიპის თუ შესაძლებლობების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რისთვის ვყიდულობთ ფენს. თუ თქვენ მოგზაურობის მოყვარულნი ხართ, ან ხშირად დადიხართ სპორტდარბაზში და გჭირდებათ ფენის ხშირი ტარება, სასურველია, აირჩიოთ კომპაქტური, ე.წ. სამგზავრო ფენი. მას თმის გასაშრობად საკმარისი სიმძლავრე აქვს, არის მსუბუქი, პატარა ზომის და კომფორტული. ხოლო თუ თქვენ ფენი გჭირდებათ სხვადასხვა ვარცხნილობების გასაკეთებლად, ამ შემთხვევაში სასურველია, არჩევანი ნახევრადპროფესიონალურ ან პროფესიონალურ მოდელებზე შეაჩეროთ.

როგორ ვირჩევთ ფენის სიმძლავრეს
ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ ფენის სიმძლავრე გავლენას ახდენს ჰაერის ტემპერატურაზე, სინამდვილეში, იგი ჰაერის ნაკადის სიჩქარეზე მოქმედებს. 
ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ფენისთვის 1200-1600 ვატი სიმძლავრე სრულიად საკმარისია, ხოლო თუ პროფესიონალური ფენი გჭირდებათ, სასურველია, მისი სიმძლავრე 2100 ვატის ფარგლებში იყოს. იგი თმას გაცილებით სწრაფად აშრობს და ნაკლები დრო სჭირდება თმის მოდელირებისთვის (თმისთვის ჩვენთვის სასურველი ფორმის მისაცემად). თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პროფესიონალური ფენი უფრო მძიმეა და ყოველდღიურად მისი გამოყენება ცოტა მოუხერხებელია.

სხვადასხვა ტიპისა და სიგრძის თმისთვის სხვადასხვა სიმძლავრის ფენია რეკომენდირებული. მაგალითად, მტვრევადი, მშრალი და მოკლე თმისთვის ვირჩევთ 1200 ვატიან ფენს, რადგან მეტი სიმძლავრის მქონე ფენმა შესაძლოა, თმის სტრუქტურა დააზიანოს.
სქელი, გრძელი თმისთვის საჭიროა 1600 და მეტ ვატიანი ფენი, რათა უზრუნველყოს თმის ბრძყინვალება და მოცულობა.
ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ფენის სიმძლავრის არჩევის დროს ჰაერის ნაკადის რეგულირების შესაძლებელობაა. ეს საშუალებას გვაძლევს, ფენი სხვადასხვა სიმძლავრეზე დავაყენოთ. ასე რომ, შესაძლოა, ერთი და იგივე ფენი ოჯახის სხვადასხვა წევრებმა, თმის სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის მქონე პირებმა გამოიყენონ.

როგორ შევარჩიოთ საცმები ფენისთვის
ფენის შერჩევის დროს ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი საცმებია.

კონცენტრატორი - მას აქვს ვიწრო დაბოლოება, რაც თმისთვის სასურველი ფორმის მიცემას უწყობს ხელს. თუმცა, მან შეიძლება, დააზიანოს თმა, რადგან იგი ცხელი ჰაერით თმის მხოლოდ ერთ ნაწილზეა კონცენტრირებული. დაზიანების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია, იგი თმას 70-90 მმ-ით დავაშოროთ, ხოლო თუ კონცენტრატორს სველი თმისთვის ვიყენებთ, მაშინ 90-110 მმ-ითაც.

დიფუზორი - ეს მრგვალი, დისკის ფორმის თავაკია. იგი ჰაერის ძლიერ ნაკადს ანაწილებს, წევს თმას ძირებიდან და უზრდის მას მოცულობას. მისი საშუალებით თმა გამოიყურება უფრო ბუნებრივად და მბზინვარედ. დიფუზორის ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ იგი თმას აშრობს სწრაფად და ამავდოულად, არ გამოაშრობს მას.

ფენ-ჯაგრისი - ეს არის სტაილერი ფენის ფუნქციებით, რომელიც, ძირითადად, პლასტმასის კბილანებითაა აღჭურვილი. მას შეუძლია, როგორც თმის ლოკონებად დახვევა, ასევე - დასწორება და პარალელურად გაშრობა.

ფუნქციები და მახასიათებლები
ფენს სხვადასხვა სიჩქარისა და ტემპერატურის რეჟიმები აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ტიპის სურვილები ერთი ფენის საშუალებით ავისრულოთ. ღილაკები, შესაბამისი ციფრებით, განლაგებულია კორპუსზე, ასე რომ, მარტივად, თითის ერთი დაჭერით, ჩვენ ვწყვეტთ, რამდენად სწრაფი ჰაერის ნაკადი გვჭირდება ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად ან - რამდენად ცხელი ჰაერი.

ზოგ ფენს აქვს ცივი ჰაერის ნაკადი. მისი გამოყენების შემთხვევაში, ვარცხნილობა გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს თავდაპირველ სახეს.
ყიდვამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენს არჩეულ მოდელს იონიზაციის ფუნცია ჰქონდეს. მისი საშუალებით თმა სინოტივეს ინარჩუნებს, შედეგად კი, თმა არ კარგავს სიჯანსაღეს და გაშრობის შემდეგ იგი აღარ იმუხტება.

ბოლოსკენ, ერთი გულდასაწყვეტი დეტალი - რაც უფრო მეტი ფუნქციები, მახასიათებლები და თავაკები აქვს ფენს, მისი ფასი შესაბამისად იზრდება.
სასიამოვნო დეტალი - აუცილებლობა არ მოითხოვს, მაღალი ფასის ფენი შევიძინოთ იმისთვის, რომ ჩვენი თმა კარგად გამოიყურებოდეს. მთავარია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი მახასიათებლების ფენი მოერგება ჩვენს სურვილებს.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის თმის საშრობი ფენი ჩვენს საიტზე!