(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი

ახალი წლისთვის ყველა ოჯახში მზადდება გოზინაყი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საახალწლო ქართული ტრადიცია. თუმცა ახალგაზრდა დიასახლისები ნაკლებად ფლობენ მისი მომზადების რეცეპტს და ამიტომ გთავაზობთ მისი მომზადების მარტივ, ნაცად და გემრიელ გზას.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. ნიგოზი
  • 700 გრ თაფლი
  • 60 გრ შაქარი

 

საჭირო ხელსაწყოები

 

მომზადების წესი:

საღი თეთრი ნიგოზი ცხელ ტაფაზე მოათავსეთ და ღუმელში მოხალეთ. დროდადრო ურიეთ, რომ არ დაიწვას(ნიგოზი არ უნდა გაწითლდეს). როცა კანი მოცლას დაიწყებს, ღუმელიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და კანი ხელით გააცალეთ. დაჭერით წვრილად. 

თაფლი თუჯის ჭურჭელში მოათავსეთ, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ. ადუღეთ ათი წუთით, თაფლი აქაფდება. გადმოდგით რომ არ გადმოვიდეს. ისევ დადგით გაზქურაზე და კვლავ ათი წუთით ადუღეთ, შემდეგ ისევ გადმოდგით. ასე გაიმეორეთ მესამედაც. შეამოწმეთ, მომზადდა თუ არა თაფლი: ლამბაქზე დაასხით ცივი წყალი და შიგ თაფლი ჩააწვეთეთ; თუ თაფლი გამაგრდა და თითებს შორის ცომივით აგორდა, ესეიგი მზადაა. 

მაგიდაზე მოიმზადეთ დასველებული ფიცარი, წყალი მცირე ზომის ჭურჭელში და მოზრდილი კოვზი. თაფლში ჩაამატეთ შაქარი, ცოტა ხანს ურიეთ და დაუმატეთ გამზადებული ნიგოზი, არ შეწყვიტოთ მორევა. 5–10 წუთის შემდეგ მთელი მასა სველ ფიცარზე გადმოიტანეთ. კოვზით სწრაფად გააბრტყელეთ, დაახლოებით 7 მილიმეტრის სისქეზე და კარგად მოასწორეთ. ჯერ კიდევ თბილი გოზინაყი დიდი მჭრელი დანით ან ლამაზი საჭრელებით სასურველ ფორმებად დაჭერით. ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

თეფშს დააფარეთ პერგამენტი და გოზინაყის ნაჭრები თითო ფენად დააწყვეთ. შეინახეთ გრილ ადგილას.