(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 11.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ყავის აპარატი?

                      

                                                            სტატია კოფემანებისთვის!"

                                                ყავა ჩვენი სიფხიზლისა, არსობისა და ენერგიისა!"

                                          თანამოსასმენი: „One More Cup Of Coffee“ (ბობ დილანი)

მსოფლიო უამრავ ყავის მოყვარულს ითვლის. დრო გადის, ჩვენ კოსმოსის ათვისება/დაპყრობის ათასწლეულში მივაბიჯებთ, ყავა კი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ შეუცვლელ ნაწილად რჩება. მისი ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ნურც ეცდებით. პირიქით, კარი გაუღეთ ტექნოლოგიას, ის თქვენ ახალ ყავის აპარატს მოგიტანთ!

გიყვართ ყავა? - რა თქმა უნდა, გიყვართ. მაშინ მოდით, ერთად განვიხილოთ, როგორ აპარატებს გვთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიები.

არჩევანი დიდია. გადაწყვეტილება კი ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. არსებობს სხვადასხვა ტიპის ყავის აპარატი:

  1. ელექტრო ჯეზვე
  2. ფრანგული პრესი (ფრენჩ-პრესი)
  3. გეიზერული მადუღარა
  4. წვეთოვანი ტიპის (ფილტრიანი)
  5. ესპრესო
  6. კაფსულიანი

შესაბამისად, სხვადასხვა ტიპი განსხვავებულ ყავას იყენებს:

  • დაფქვილი
  • მარცვალი
  • კაფსულები
  • ფილტრი დაპრესილი ყავით

როგორც ხედავთ, ყავის აპარატები საკმაოდ მრავალფეროვანია. სტატია რომ უფრო სახალისო და გასაგები ყოფილიყო, მადუღარა/აპარატები ორ კატეგორიად დავყავი: ძველი და ახალი თაობის. ახლა კი განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე და თანმიმდევრულად. 

უფროსი თაობის ყავის მადუღარები

დავიწყოთ ტრადიციულით. ელექტრო ჯეზვე, რომელსაც თურქული ყავის მოსადუღებლად იყენებენ, ბევრ რჩევას არ საჭიროებს. ვყიდულობთ დაფქვილ ყავას და ვხარშავთ მარტივად. ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ სიმძლავრეს (როგორც წესი 500-1000 ვატი) და მოცულობას (მაქსიმუმ 5 ჭიქა თურქული ყავა). ბუნებრივია, არაფერი სჯობს ქვიშაზე მოხარშულ ყავას, თუმცა არც ელექტრო ჯეზვე გვთავაზობს ნაკლებად გემრიელს.

ფრანგული პრესი იგივე ფრენჩ-პრესი საკმაოდ დელიკატური და თავისებური ნივთია. ის, ჯეზვეს მსგავსად, უფრო ყავის სახარშია, ვიდრე აპარატი. თუმცა თურქული ყავისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ყავას, შაქარს და ცხელ წყალს ვათავსებთ. ფრენჩ-პრესი შედგება სითბოგამძლე მინის ჭურჭლისა და დგუშისგან, რომელიც ძირშია მოთავსებული. როგორც წესი, მას აქვს ლითონის ფილტრი.

საბედნიეროდ, მას არ სჭირდება ელექტრო ენერგია, თუმცა უარყოფითი თვისება ის არის, რომ ყავის მექანიკურად მომზადება გიწევთ.

რასაკვირველია, დღეს მას არც ისე ხშირად ყიდულობენ და არჩევანს თანამედროვე ყავის აპარატებზე აკეთებენ, მაგრამ თუ თქვენ ვინტაჟური ნივთები გიყვართ და ერთ დღესაც რეტრო საღამოს მოწყობას განიზრახავთ, ფრენჩ-პრესი მაგიდას ნამდვილად გაგილამაზებთ.

გეიზერის ყავის მადუღარები ორი სახისაა: ელექტრო და ქურაზე დასადგმელი, ანუ მექანიკური. ვიზუალურად ისინი ჩაიდანს წააგავს. მასალა კი ლითონისაა. მომზადება მარტივია, ასხმათ წყალს და ამატებთ ყავას. სასურველია, ყავით ბოლომდე დაფაროთ. გეიზერით მომზადებული ყავა საკმაოდ გემრიელია და მოსამზადებლად არც ისე რთული.

გეიზერში თქვენ შეძლებთ როგორც ყავის, ისე ჩაის მომზადებას.

ჯეზვეს, ფრენჩ-პრესსა და გეიზერს თამამად შეგვიძლია, უფროსი თაობის ყავის მადუღარები ვუწოდოთ.

ახალი თაობის ყავის აპარატები

ახლა კი გადავიდეთ ყავის აპარატებზე. დავიწყოთ წვეთოვანი ტიპის აპარატით.

წვეთოვანი ტიპის ყავის აპარატს მეორენაირად ფილტრიანს უწოდებენ. მისი საშუალებით „ამერიკანოს“ მომზადებას შეძლებთ. ის, ძირითადად, დაფქვილ ყავას იყენებს. მართვა ხდება ელექტრონულად, ან მექანიკურად. ამ აპარატის მოყვარულებს შეუძლიათ, განსაზღვრონ ყავის რაოდენობა როგორც მილილიტრის, ისე ფინჯნების მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ წყლის რეზერვუარის მოცულობას. სასურველია, თუ ის მოსახსნელი იქნება. მოცულობა კი 0.5 ლიტრიდან 2 ლიტრამდე მერყეობს.

ძლიერი ყავის მოყვარულებმა უნდა შეარჩიონ აპარატი, რომელსაც სიმძლავრე 600-800 ვატი ექნება. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად ცხელდება წყალი და მზადდება ყავაც, თუმცა სიჩქარის გამო ის კარგავს არომატს და გემოს. ასე რომ, აირჩიეთ შუალედური სიმძლავრე, როგორც ზემოთ აღვნიშნე - 600-800 ვატი.

წვეთოვანი ყავის აპარატების ფილტრი ორნაირია: ერთჯერადი და მრავალჯერადი. ერთჯერადი ფილტრი არის ქაღალდის, ხოლო მრავაჯერადი - ნეილონის ან ლითონის (ანუ მოოქროვილი). ქაღალდის ფილტრის გამოყენება ერთზე მეტად არ შეიძლება. ნეილონის ფილტრს კი მინიმუმ 60-ჯერ იყენებენ, ხოლო ლითონის ფილტრს - შეუზღუდავი რაოდენობთ. მიუხედავად ამისა, ქაღალდის ფიტრი ბევრად სუფთა და ჰიგიენურია.

ზოგიერთ მოდელს აქვს ინტეგრირებული ყავის საფქვავი, რაც საშუალებას გვაძლევს, ყავის მოსამზადებლად მარცვლები გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დღეისათვის ტექნოლოგიებმა შემოგვთავაზეს აპარატი, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით (დისტანციურად) იმართება. სპეცალური აპლიკაციის დახმარებით, თქვენ შეძლებთ, თვალის გახელისთანავე ჩართოთ აპარატი და სანამ კარგად გამოფხიზლდებით, ყავა მზად დაგხვდებათ.

წვეთოვანი ტიპის აპარატებს აქვს თერმოსიც, რაც მომზადებულ ყავას გარკვეული ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სითბოს. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ხნით გაჩერებული ყავა გემოს კარგავს.

წვეთოვანი ყავის აპარატის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სხვადასხვა მახასიათებლებს. მაგალითად, აქვს თუ არა დისპლეი, ტაიმერი,  წვეთსაწინაარმდეგო სისტემა, წყლის დონის ინდიკატორი და ავტომატური გათიშვა.

ესპრესო

ესპრესოს ყავის აპარატები დღეისათვის საკმაოდ მოთხოვნადი და გავრცელებულია. მართვა ხდება ავტომატურად, ზოგჯერ კი მექანიკურად. ის ამუშავებს როგორც ყავის მარცვლებს, ისე ესპრესოსთვის დაპრესილ ყავას. როგორც წესი, ესპრესოს აპარატები მუშაობს წნევით. არსებობს ორი სახის: აპარატი, რომლის წნევა 15 ბარია და აპარატი, რომლის წნევა 15 ბარს აჭარბებს.

პირველის შემთხვევაში წყლით სავსე ავზი გათბობის შემდეგ გადადის ორთქლით მუშაობაზე. ასეთ დროს მცირე რაოდენობის ყავა მზადდება. თუმცა ის ბევრად უფრო მაგარი და გემრიელია.

აპარატი, რომლის წნევა 15 ბარს აჭარბებს, წყალს 87-90 გრადუსამდე ათბობს. ტუმბოს დახმარებით ყავა სწრაფად მზადდება და არომატიც არ ეკარგება.

ესპრესოს აპარატს სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობებიც აქვს:

  • თქვენ შეგიძლიათ, აირჩიოთ მოდელი, რომელიც ერთდოულად ორ ჭიქა ყავას ამზადებს.
  • ზოგიერთ მოდელს აქვს კაპუჩინოს გაკეთების შესაძლებლობა.
  • ყავა მზადდება სწრაფად და ინარჩუნებს გემოსა და არომატს.

თუ თქვენ ესპრესოს აპარატის შეძენა გადაწყვიტეთ, მაშინ მას უნდა ჰქონდეს:

  • ლითონის დისპენსერი, რადგან შესაძლოა, პლასტმასმა თავისებური გემო მისცეს
  • წვეთების შესაგროვებელი სადგამი
  • პორციების მრიცხველი
  • რძის რეზერვუარი ან სპეციალური მილი კაპუჩინოს მოსამზადებლად
  • გადახურებისგან დაცვის ფუნქცია
  • მომზადების ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა
  • პორციების მოცულობის პროგრამირების შესაძლებლობა

ასევე ყურადღება მიაქციეთ წყლის, ყავისა და ნარჩენების კონტეინერის მოცულობას.  

კაფსულიანი ყავის აპარატი 

კაფსულიანი ყავის აპარატი ყველაზე თანამედროვე მოწყობილობად ითვლება. ის იყენებს სპეციალურად პატარა პაკეტებში (კაფსულებში) მოთავსებულ ყავას, რომელიც გათვლილია ერთი ჭიკისთვის. მისი მომზადება მარტივია: კაფსულას ათავსებთ მისთვის განკუთვნილ ადგილას და ღილაკზე თითის დაჭერით რამდენიმე წამში იღებთ ფინჯან ყავას.

ეს აპარატი ყველაზე სწრაფია და იდიალურია როგორც სახლში, ისე ოფისებში. ერთი რამ გაითვალისწინეთ, თქვენ ვერ შეძლებთ ყველა ტიპის ყავის გამოყენებას - მხოლოდ კონკრეტული ბრენდის.

დასასრული:

კოფემანებისთვის არ არსებობს სხვა, ამაზე მნიშვნელოვანი სასმელი. ასევე, არ არსებობს იმაზე საჭირო ნივთი, როგორიც ყავის აპარატია. ასე რომ, კოფემანებო, შეარჩიეთ სასურველი მოდელი ჩვენთან, Deals.ge -ზე და ისიამოვნეთ ყავის შეუცვლელი არომატით ყოველდღე, განურჩევლად ამინდისა, განწყობისა და კვირის დღისა!

- just One More Cup Of Coffee, please!