(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ 8 მარტის საჩუქარი?

დღეს 6 მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დღის შემდეგ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ქალების უფლებებისა და
თავისუფლებისთვის ბრძოლა ას წელზე მეტია მიმდინარეობს.

ნუ გეშინიათ, ამ თარიღის ისტორიას არ მოგიყვებით, არც ფემინიზმის მანიფესტებს გაგაცნობთ. მე მხოლოდ კეთილი სურვილებით
მოკრძალებულ რჩევებს მივცემ მას, ვისაც 8 მარტს ქალების გახარების სურვილი აქვს.

ალბათ, ხშირად უკითხავთ, როგორ შევურჩიო საჩუქარი ნინოს/ნანას/მარის/ანას და ა. შ. როგორც წესი, თუ ამ ქალს არ ვიცნობთ, ვეკითხებით, რა უყვარს, რას საქმიანობს და სხვა. ამის შემდეგ შესაფერისი საჩუქრის პოვნა უფრო მარტივია. რა თქმა უნდა, არსებობს სტანდარტული საჩუქრები, რაც არა მარტო ქალებს, არამედ ადამიანთა უმრავლესობას მოეწონებოდა, თუმცა ინდივიდუალურად, შენს გემოვნებაზე მორგებულ საჩუქარს არაფერი შეედრება.

მაშ ასე, როგორ გავახაროთ ქალები 8 მარტს და არა მხოლოდ?! 

თუ ქალი, რომლისთვისაც საჩუქრის გაკეთება გსურთ, ფოტოგრაფია, აარჩიეთ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო და დიდ პოსტერზე დააპრინტინეთ. დამიჯერეთ, ეს ყველა ფოტოგრაფს მოეწონებოდა. რასაკვირველია, თუ თქვენი შესაძლებლობები გაწვდება, შეგიძლიათ, მისი ფოტოკამერის გაუმჯობესებული მოდელიც აჩუქოთ. მაგრამ ეს დიდი ფუფუნებაა, ამიტომ არ დაღონდეთ, არსებობს სხვა საშუალებებიც:- შტატივი, განათება, ფირის ვინტაჟური აპარატი, თუმცა მე პირადად ფოტოს პრინტს გირჩევდით.

გადავიდეთ შემდეგზე. თუკი თქვენი რჩეული არის ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, მაგრამ თქვენ ამაში ვერ ერკვევით, მაშინ წიგნს ნუ აჩუქებთ. დიდი შანსია, რომ გემოვნებაში აცდეთ, ან ისეთი წიგნი აჩუქოთ, რაც უკვე წაკითხული აქვს. ამიტომ აჩუქეთ ე.წ. ქინდლი და სასურველ წიგნებს თავად შეარჩევს.  იქნებ, მას კითხვასთან ერთად ჩანაწერების გაკეთებაც უყვარს, მაშინ შეგიძლიათ, წიგნაკი აჩუქოთ, თანაც ხელნაკეთი, რაც უფრო ორიგინალურია და იშვიათიც. ოღონდ, წარწერის გაკეთება არ დაგავიწყდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მეგობარი ქალი სპორტით არის დაკავებული, ან ისეთი სამუშაო აქვს, რაც დღის მანძილზე გამუდმებულ მოძრაობას მოითხოვს და მისი ფეხის ზომაც იცით, აჩუქეთ კარგი, მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი. დამიჯერეთ, ამით ძალიან გაახარებთ.

ხოლო თუკი თქვენი მეგობარი თავგადაკლული მელომანია, ვერაფერს აჩუქებთ კარგი ხარისხის
ყურსასმენებზე უკეთესს. შეგიძლიათ, აკუსტიკური სისტემაც შეურჩიოთ. ხოლო თუ ფილმების დიდ მოყვარულია, მაშინ სახლის კინოთეატრზე უკეთესს აბა, რას აჩუქებდით?!

ქალების უმრავლესობას ძალიან უყვარს ცხოველები: ფისო, ლეკვი, ზღვის გოჭი. ასე რომ, არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნებოდა თუნდაც პატარა კნუტი. 

თუ თქვენთვის ძვირფასი ქალი ისეთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც 8 მარტს არ ისვენებს, სახლში ლოდინს, გირჩევნიათ იყიდოთ ყავა, შოკოლადი, ყვავილები და სამსახურში შესვენებაზე მიაკითხოთ.

ხოლო მაშინ, თუ თქვენ და თქვენი რჩეული ახალგაზრდები აღარ ხართ, აჩუქეთ რაიმე ისეთი, რაც ძველ, ტკბილ, ახალგაზრდულ დღეებს გაახსენებს. შეგიძლიათ, ისეთ ადგილას წახვიდეთ, სადაც ადრე დადიოდით. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება, - თეატრი, ფუნიკულიორი თუ ლისის ტბა.  

რაც შეეხებათ დიასახლისებს, ქალების ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას ნაწილს - ჩვენს დედებს, ცოლებს, მეგობარ გოგონებს, დებსა და ბებიებს. მათ ყველაფერზე მეტად დასვენება და სახლის საქმეებისგან მოწყვეტა სჭირდებათ. ამიტომ ადექით ადრე, როგორც კი ბავშვები გაიღვიძებენ, გამოიკეტეთ საძინებლის კარი, რათა ხმაურმა არ შეაწუხოს. მიხედეთ ბავშვებს, ასაუზმეთ, ჭურჭელი გარეცხეთ, მტვერსასრუტის გამოყენებაც არ დაგავიწყდეთ და საღამოსთვის გემრიელი ვახშამი გაამზადეთ. დაე, უყიდეთ ყვავილებიც, როგორიც მათ უყვართ და მაგიდაზე მოკრძალებული საჩუქრის დახვედრებაც არ დაგავიწყდეთ, სულერთია, რა იქნება: გულსაკიდი, საყურე, სუნამო, ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი თუ სოლარიუმის აბონემენტი. მათ, დასვენებასთან ერთად, ნებისმიერი რამ გაახარებთ.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები თქვენს ცხოვრებაში ნელ-ნელა დანერგეთ და დამიჯერეთ, არც თქვენ დარჩებით საჩუქრისა და მზუნველობის გარეშე. 

თქვენ კი, ქალებო, ხომ იცით, საჩუქრის გაკეთება საკუთარი თავისთვისაც შეიძლება. ეს პროცესი არანაკლებ სასიამოვნოა. გარდა ამისა, ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რა გვჭირდება. კარგად დაისვენეთ, გალამაზდით და აკეთეთ ის, რაც გიყვართ, რაც გსიამოვნებთ, დაივიწყეთ ყველა სხვა და ეს დღე თქვენს თავს აჩუქეთ.

Deals.ge კი გილოცავთ ამ დღეს და ნუ დაგავიწყდებათ, - ყველაზე კარგი საჩუქარი სიყვარულია!